გერმანიამ „გაზპრომისთვის“ ჩამორთმეული რედენის გაზსაცავის შევსება დაიწყო, რადგან ქვეყანა ცდილობს, მოსკოვის მხრიდან მიწოდების შეწყვეტის რისკებისგან თავი დაიცვას. ამის შესახებ ობიექტზე გერმანიის ენერგეტიკული მარეგულირებლის მიერ დანიშნულმა რწმუნებულმა, ეგბერტ ლაეგემ Reuters-ს განუცხადა.
გასულ თვეს „გაზპრომმა,“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების გამო, „გაზპრომ გერმანიის“ ბიზნესზე, მათ შორის დასავლეთ ევროპის უმსხვილესი რედენის გაზსსაცავის ოპერირებაზე უარი თქვა.
„დღეიდან მცირე მოცულობის ჩატვირთვა იწყება, თუმცა ინტენსიურად ვმუშაობთ გადაწყვეტილებებზე, რომ შესანახ ობიექტზე საგრძნობლად მეტი გაზის შემოსვლა მალე უზრუნველვყოთ,“ - აცხადებს ეგბერტ ლაეგე.
რედენს, დაახლოებით, 4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შენახვის პოტენციალი აქვს, მაგრამ გასულ ზამთარში მხოლოდ მცირე რაოდენობა მიიღო, ამიტომ, ლაეგეს თქმით, საცავი მომავალი ზამთრისთვის აუცილებლად შესავსებია. რედენი ამჟამად მხოლოდ 0.6%-ით არის სავსე, რაც გერმანიის გაზსაცავების საშუალო მაჩვენებელზე, 36%-ზე გაცილებით ნაკლებია.
Reuters-ის ცნობით, მარეგულირებელი ორგანო „გაზპრომ გერმანიას“ 30 სექტემბრამდე გააკონტროლებს, რა პერიოდშიც უფლება აქვს, აღმასრულებლები გაათავისუფლოს, ახალი პერსონალი დაიქირაოს და მენეჯმენტს მოქმედება განუსაზღვროს. ჯერ უცნობია, თუ რა მოხდება ამ თარიღის შემდეგ.
„ჩვენ არასახარბიელო პერიოდში Gazprom Germania Group-ის საქმიანობის სტაბილიზაციისთვის პროგრესს მივაღწიეთ,“ - აცხადებს ეგბერტ ლაეგე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან, გერმანიის ქსელის მარეგულირებელთან და ჯგუფის ბიზნეს პარტნიორებთან რეგულარულ კონტაქტზეა.
„ყველა მათგანი გაზის უსაფრთხო მიწოდებაში Gazprom Germania Group-ის უზარმაზარ მნიშვნელობას აღიარებს. ჩვენს მიმართ ბიზნესპარტნიორების ნდობა, ალბათ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. მე ყველაფერს გავაკეთებ ამ ნდობის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად, - ამბობს ლაეგე.