გერმანიამ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინული გამოცემა UNIAN ავრცელებს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაწესებას ახლა მხოლოდ უნგრეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი ეწინააღმდეგებიან.
"გარდიანის" ცნობით კი, გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა რამდენიმე დღით ადრე, როდესაც მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესოს. სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თუ როგორ მკვეთრად შემცირდა რუსული იმპორტირებული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარება.
გერმანიის მთავრობის ოფიციალური პირის მიერ, ,,ტვიტერში" გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული ნავთობის იმპორტი დაახლოებით 35%-დან 12%-მდე შემცირდა, რუსული გაზის იმპორტი 55%-დან დაახლოებით 35%-მდე შემცირდა, ხოლო რუსული ქვანახშირის იმპორტი 50%-დან დაახლოებით 8%-მდე შემცირდა.
ცნობისთვის, ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ემბარგო განიხილება ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის ფარგლებში .