გერმანია მზადაა ჩამოართვას რუსეთს გაყინული აქტივები უკრაინის აღსადგენად, თუ შესაბამისი სამართლებრივი საკითხები მოგვარდება და ბერლინის მოკავშირეები ამავე მაგალითს მიყვებიან. ამის შესახებ წერს Bloomberg გერმანიის მთავრობის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროს ცნობით, ზოგადად, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა მხარს უჭერს კიევის მოთხოვნას ომის გამო რეპარაციების შესახებ, თუმცა ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გაცხადებულა.
მმართველი კოალიციის წარმომადგენლები სხვებთან შედარებით უფრო მტკიცენი არიან — წერს Bloomberg.
მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბურბოკი დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსეთმა აანაზღაუროს უკრაინისთვის მიყენებული ზიანი. მისი აზრით, გაყინული ქონების კონფისკაცია, ამ გეგმის მხოლოდ ნაწილად უნდა განიხილებოდეს. მაგრამ ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი უფრო ფრთხილია - ის შიშობს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია სახიფათო პრეცედენტს შექმნის.
საერთო ჯამში, ევროკავშირსა და G7-ის ქვეყნებში გაყინულია დაახლოებით 311 მილიარდი დოლარი რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები. ევროკავშირმა ასევე დაბლოკა რუსი ოლიგარქების აქტივები დაახლოებით 19 მილიარდი ევროს ოდენობით. ამ დროისთვის ქონება გაურკვეველ მდგომარეობაშია და მისი კონფისკაცია შეუძლებელია.
კრემლმა რუსული აქტივების გაყინვას უკანონო უწოდა და პირობა დადო, რომ ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ მათი გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. „საერთაშორისო ქურდობაზე ვსაუბრობთ ყველაფრის დარღვევით“, - განაცხადა ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.