კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანიამ ბრიტანეთიდან მოგზაურობაზე შეზღუდვები გაამკაცრა, - ამის შესახებ BBC წერს.
შეზღუდვა არ გავრცელდება გერმანიის მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე, რომელთაც ბრიტანეთიდან გერმანიაში დაბრუნება სურთ.
მათ უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მოუწევთ 2-კვირიანი კარანტინის გავლა იმის მიუხედავად, არიან თუ არა აცრილები.
16 დეკემბერს, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ვირუსის ყველაზე გადამდები ვარიანტია, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
imedinews.ge