გერმანიამ პანდემიის დასრულების 3-ეტაპიანი გეგმა შეიმუშავა. რას ნიშნავს ეს?

გერმანიამ პანდემიის დასრულების 3-ეტაპიანი გეგმა შეიმუშავა. რას ნიშნავს ეს?

access_time2022-02-22 00:00:00

ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში თითქმის ყველა ეპიდემიოლოგიური შეზღუდვის მოხსნა იგეგმება ან უკვე გაუქმებულია. ამჯერად გერმანიამაც პანდემიამდელი ცხოვრების წესთან ეტაპობრივი დაბრუნება გადაწყვიტა. რას ნიშნავს ეს, Deutsche Welle-მ გაარკვია.



რა ხდება?



პანდემიური შეზღუდვებით დაღლილ-დაქანცული გერმანელები სულ უფრო მზარდი შურით უყურებენ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ ან უკვე გააუქმეს ესა თუ ის აკრძალვა. თუმცა ამჯერად გვირაბის ბოლოს სინათლე გერმანიის მოქალაქეებისთვისაც გამოჩნდა. 16 თებერვალს, ქვეყნის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და ფედერალური მიწების პრემიერმინისტრების შეხვედრაზე (თითქმის) პანდემიამდელ ცხოვრების წესთან ეტაპობრივი დაბრუნების სტრატეგია მიიღეს.



რატომ რჩება ძალაში შეზღუდვები გერმანიაში დღემდე?



დანიასა და ნორვეგიაში დღეისათვის თითქმის არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. ავსტრია არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახადა და ის აკრძალვების უმეტესობას 5 მარტს გააუქმებს. საფრანგეთში კი მიმდინარე კვირის ოთხშაბათს დისკოთეკები გაიხსნა, ბარებში შეზღუდვა აღარ მოქმედებს და კონცერტებზე ფეხზე დგომის ბილეთებიც უკვე იყიდება. ნიდერლანდებში ღამის კლუბებისა და ბარების მუშაობა პირველ საათამდეა დაშვებული. შვეიცარიაშიც, ფაქტობრივად, შეზღუდვები თითქმის აღარ არის: მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში მოქმედებს პირბადის ტარების ვალდებულება, ასევე ხუთდღიანი თვითიზოლაცია მათთვის, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა.



გერმანიაში შეზღუდვების ლიბერალიზაციის პროცესი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით მეტხანს გაჭიანურდა. უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი არის ის, რომ გერმანიაში აუცრელი ადამიანების (განსაკუთრებით კი, ხანდაზმული მოქალაქეების) წილი უფრო მაღალია. თუმცა უკვე ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობის თანდათანობითი კლების ფონზე, ამავდროულად, გერმანიის საავადმყოფოებსა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში შედარებით ნორმალური სიტუაციის გამო, გადაწყდა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების გადადება საჭირო აღარ არის.



კანცლერი შოლცი: „ჩვენ დავიცავით ადამიანების ჯანმრთელობა და თავიდან ავიცილეთ ლოქდაუნი!“




”ბოლო თვეებსა და კვირებში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელთაც ხელი შეუწყვეს იმ გარემოებას, რომ გერმანიამ, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ინფექციის მიმდინარე ტალღას თავი ბევრად უკეთ გაართვა”, - განაცხადა ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ფედერალური მიწების პრემიერმინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართა. „ზემოთ აღნიშნული ზომებით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა: დავიცავით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და თავიდან ავიცილეთ ლოქდაუნი”, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.



ოლაფ შოლცის განმარტებით, ამ ყველაფრის შედეგად, შესაძლებელი გახდა ოპტიმისტური პერსპექტივის შემუშავება, რაც გაზაფხულის დასაწყისისთვის სამ ეტაპად გერმანიაში ჯერ კიდევ მოქმედი საკარანტინო შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილის მოხსნას ითვალისწინებს. ”ამ ორი გრძელი წლის შემდეგ, ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ, ბოლოს და ბოლოს, უკეთ ვიყოთ”, - თქვა კანცლერმა.



პირველი ეტაპი, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია, არის ის, რომ აცრილ და კოვიდგადატანილ ადამიანებს ნებისმიერი რაოდენობის თანამოქალაქესთან შეუძლიათ კონტაქტი. აუცრელი პირებისთვის კი შეზღუდვები 19 მარტამდე ძალაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კერძო წვეულების, სულ ცოტა, ერთი ზრდასრული მონაწილე მაინც არ არის აცრილი, მაშინ სხვა ოჯახიდან არაუმეტეს ორი ადამიანის მოწვევაა შესაძლებელი.



ამავე ეტაპზე უქმდება კონტროლი ნებისმიერი მაღაზიის შესასვლელში, სადაც იქამდე მხოლოდ აცრილ ან კოვიდგადატანილ პირებს შეეძლოთ საქონლის შეძენა. თუმცა გერმანიის ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე ეს შეზღუდვა კანცლერთან შეხვედრამდეც გააუქმეს. ამავდროულად, ყველა მაღაზიაში შესვლისას აუცილებელია დამცავი ნიღბის ტარება და სასურველია ეს FFP 2 იყოს.



20 მარტს გერმანიაში (თითქმის) ძველი ცხოვრება დაიწყება



პანდემიამდელ ცხოვრების წესთან დაბრუნების სტრატეგიის მეორე ეტაპი გერმანიაში 4 მარტს დაიწყება. თუკი იქამდე მხოლოდ აცრილ ან კოვიდგადატანილ პირებს შეეძლოთ რესტორნებში შესვლა და სასტუმროებში ღამის გათევა, 4 მარტიდან მხოლოდ ახალი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ ამის უფლება. თუმცა ღამის კლუბებსა და დისკოთეკებზე შეზღუდვები დარჩება. დღეისათვის ამ ადგილებში შესვლა მხოლოდ ორჯერ აცრილ და ტესტის უარყოფითი პასუხის ან ბუსტერ დოზის მქონე პირებს შეუძლიათ.



მასობრივ ზერეგიონულ ღონისძიებებზე, მათ შორის გარე სივრცეში გამართულ სპორტულ აქტივობებზე (იგულისხმება დიდი საფეხბურთო მატჩები) დაიშვება 75 ათასამდე მაყურებელი, რომელთა შორის იქნებიან მხოლოდ აცრილი, კოვიდგადატანილი, ბუსტერ დოზის ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები. დახურულ სივრცეში კი 6 ათასზე მეტი ადამიანი არ დაიშვება. ესეც იმ პირობით, რომ ადგილების 60%-ზე მეტი შევსებული არ იქნება და ყველა დამსწრეს დამცავი ნიღაბი უნდა ეკეთოს.



საბოლოოდ, მესამე ეტაპი 20 მარტს - გერმანიაში მეტეოროლოგიური გაზაფხულის დადგომით დაიწყება. ამ დღიდან, როგორც კანცლერთან შეხვედრაზე დამტკიცებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, „ყველა არსებითი შეზღუდვა უნდა გაუქმდეს“, თუ ამის საშუალებას ხელისუფლებას საავადმყოფოებში არსებული მდგომარეობა მისცემს. თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ ზომებს მიიჩნევენ გერმანიის მთავრობის მეთაური და ფედერალური მიწების პრემიერები „არსებითად“.



აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თარიღი - 20 მარტი - შემთხვევით არ შეირჩა. საქმე ისაა, რომ გერმანიის ეპიდემიოლოგიური დაცვის კანონი საკარანტინო შეზღუდვების მოქმედების შესაძლებლობას მხოლოდ 2022 წლის 19 მარტამდე იძლევა. თუმცა კანცლერთან შეხვედრის მონაწილეებმა, ისევე, როგორც თავად ოლაფ შოლცმა, აშკარად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ გარკვეულ დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებასა თუ სხვა ზომების შენარჩუნებას უფრო დიდხანსაც ისურვებდნენ.



imedinews.ge

თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up