გერმანიაში რეგიონულ მატარებელში დანით შეიარაღებული მამაკაცი მგზავრებს თავს დაესხა, თავდასხმის შედეგად ორი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამის შესახებ განცხადება გერმანიის ფედერალური პოლიციის სპიკერმა ფლენსბურგში გააკეთა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ინციდენტი ფედერალურ შტატში, შლეზვიგ-ჰოლშტაინში, კილიდან ჰამბურგის მიმართულებით მოძრავ მატარებელში მოხდა. თავდამსხმელი - 20-30 წლის მამაკაცი - ქალაქ ბროქსტედში მატარებლის სადგურზე დააკავეს, დაკავებისას ის დაშავდა.
პოლიციის სპიკერმა აღნიშნა, რომ ვითარება კვლავ გაურკვეველია, მომხდარის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.