რუსული კორპორაცია „ვოლგა–დნეპრის“ კუთვნილი ავიაკომპანიის Cargologicair UK სატვირთო თვითმფრინავს Boeing 747 გერმანიაში ფრანკფურტ–ჰანის აეროპორტიდან აფრენის უფლება არ მისცეს. შესაბამისად, თვითმფრინავი აეროპორტში განუსაზღვრელი ვადით დარჩება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო dpa ხუთშაბათს, 7 აპრილს აქვეყნებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
თვითმფრინავის დაკავების მიზეზი სანქციები გახდა, რომელიც რუსეთს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმის გამო დაუწესეს, აცხადებენ ფრანკფურტ–ჰანის აეროპორტში. აეროპორტში დაყოვნებისთვის მფლობელს დღეში 1 200 ევროს გადახდა მოუწევს და ჯერ უცნობია, რამდენ ხანს დარჩება საჰაერო ხომალდი ფრანკფურტ–ჰანში.
გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროში განმარტეს, რომ ავიაკომპანია Cargologicair UK 100%–ით Logic Holding Ltd–ს ეკუთვნის, რომელიც ალეკსეი ისაიკინისა და სერგეი შკლიანიკის საკუთრებაა. ორივე რუსეთის მოქალაქეები არიან. ფაქტმა, რომ ისაიკინს კვიპროსის მოქალაქეობაც აქვს, ამ შემთხვევაში არ იმუშავა. „შეფასებისას რუსეთის მოქალაქეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნეს უწყებაში. Dpa–ს კითხვებს ავიაკომპანია Cargologicair UK–ში ჯერ არ პასუხობენ.