„საცხოვრებლის დეფიციტზე განგაშის ზარები ისე ხმამაღლა არ ისმოდა, როგორც ახლა“, - განუცხადა Funke Mediengruppe-ს გერმანიის მოიჯარეების ასოციაციის პრეზიდენტმა ლუკას ზიბენკოტენმა. მისი თქმით, საბინაო ბაზარზე სირთულეები სულ უფრო იზრდება.
კვლევების თანახმად, ბოლო 30 წლის განმავლობაში გერმანიაში საცხოვრებლის დეფიციტი ყველაზე მაღალია. 2022 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებლის დეფიციტი დაახლოებით 700,000 სახლს აღწევს.
ფედერალურმა და სახელმწიფო მთავრობებმა უნდა შეცვალონ სიტუაცია - „თორემ საბინაო ბაზარზე ჩვენ წარმოუდგენელი კატასტროფა გველოდება“, - განაცხადა ზიბენკოტენმა. ის ელის, რომ გამქირავებელთათვის 2023 წელი ძალიან რთული იქნება.
კვლევის თანახმად, ლტოლვილთა დიდმა ნაკადმა, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავი გერმანიას შეაფარეს, ზეწოლა მოახდინა ისედაც მჭიდრო საბინაო ბაზარზე.
მაღალმა ინფლაციამ, გაზრდილმა საინვესტიციო ხარჯებმა და სამშენებლო აქტივობის კლებამ, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა ახალი სახლების მშენებლობების რაოდენობაზე.
2021 წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატების (SPD), მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების (FDP) კოალიციურმა მთავრობამ წელიწადში 400 000 ახალი სახლის აშენების პირობა დადო. თუმცა დაპირება არ შესრულებულა. სამშენებლო ასოციაციამ ZDB ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2023 წელს 245,000 ახალი საცხოვრებლის აშენებას ელის.
ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, გერმანია იბრძვის, რომ შეაკავოს ქირავნობის მზარდი ფასები, თუნდაც ზოგიერთ რაიონში ქირავნობის კონტროლის პირობებში. იმავდროულად, 2020 წელს ბერლინის მიწის მთავრობის მიერ ქირავნობის ფასის ხუთწლიანმა გაყინვამ (ე.წ. Mietendeckel) ფიასკო განიცადა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქირავნობის შეზღუდვა იყო „არაკანონიერი“ და გააუქმა.
ამან გამოიწვია ის, რომ მოქირავნეებს მოიწიათ ქირის ვალის დაბრუნება მესაკუთრეებისთვის,ზოგი კი იძულებული გახდა სხვა ბინა მოეძებნა, რომლის შეძენასაც საბოლოოდ შეძლებდა.
სამშენებლო პროფკავშირმა IG BAU განაცხადა, რომ წინააღმდეგობას ხედავს საცხოვრებლის პრობლემებსა და გერმანიის მთავრობის გეგმებს შორის, რომ მნიშვნელოვნად გაზარდოს სახლების და საზღვარგარეთიდან ჩასული კვალიფიცირებული მუშების რაოდენობა.