გერმანიის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, რაც თავის მხრივ ენერგიის მაღალ ფასებს და გაზის შესაძლო დეფიციტს უკავშირდება. ამის შესახებ საუბარია მიუნხენის ეკონომიკური კვლევების Ifo ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გერმანია რეცესიის ზღვარზეა. ელექტროენერგიის მაღალი ფასები და გაზის დეფიციტის საფრთხე ძლიერ ამძიმებს ბაზარზე არსებულ კონიუქტურას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
Ifo-ს გამოთვლებით, ბიზნეს კლიმატის ინდექსი ივლისში 3,6 პუნქტით დაეცა 88,6-მდე, რამაც გადააჭარბა ექსპერტების ყველაზე უარყოფით პროგნოზებს და ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გახდა.
ბიზნესკლიმატის გაუარესება დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში, აკონკრეტებენ ორგანიზაციაში.
Ifo-ს ბიზნეს კლიმატის ინდექსი გამოითვლება დაახლოებით 9000 გერმანული საწარმოს გამოკითხვის საფუძველზე და ითვლება მთავარ ინდიკატორად, რომელიც აღწერს გერმანიის ეკონომიკურ მდგომარეობას.