გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ყოველთვის ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებს მოარგებს.
„ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ჩვენ ყოველთვის მოვარგებთ ჩვენს მიწოდებას ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებს“, - აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად, AMX-10 RC ტიპის საბრძოლო ჯავშანმანქანებს გაუგზავნის. ზელენსკიმ ემანუელ მაკრონს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს სხვა ქვეყნებს უფრო მძიმე იარაღის მიწოდების აუცილებლობას აჩვენებს.