იარაღის გერმანული მწარმოებელი, Rheinmetall რუმინეთში სამხედრო-ტექნიკური მომსახურებისა და ლოგისტიკის ჰაბს აშენებს, რომელიც უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის შეკეთებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სამხედრო-ტექნიკური მომსახურების ჰაბი რუმინეთის ქალაქ სატუ მარეში მიმდინარე თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „უკრაინაში გამოყენებული დასავლური საბრძოლო სისტემების ოპერატიული მზადყოფნის, ასევე, ლოგისტიკური მხარდაჭერის ხელმისაწვდომობისთვის სერვის-ჰაბმა ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს.“
ჰაბი უკრაინის საზღვართან განთავსდება და თვითმავალ ჰაუბიცებს, ასევე, Leopard 2-ისა და Challenger-ის ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ებს, Fuchs-ის ჯავშანტრანსპორტიორებსა და სამხედრო სატვირთო მანქანებს მოემსახურება.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, არმინ პაპერგერი აცხადებს, რომ „NATO-ს და უკრაინის შეიარაღებული ძალების საუკეთესო მხარდაჭერა Rheinmetall-ის მთავარი გამოწვევაა.“
2022 წლის ივნისში Rheinmetall-მა მსგავსი ჰაბი ლიეტუვაში დააარსა, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში NATO-ს ტექნიკის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას Rheinmetall-ის დირექტორი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
მანამდე, ასევე, ცნობილი გახდა, რომ კონცერნი უკრაინაში სატანკო ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს მართავს.