სანქციების გამო გერმანიიდან რუსეთში საქონლის ექსპორტი 2003 წლის დონემდე დაეცა. 2022 წელს ქვეყნისთვის მიწოდებული საქონლის მოცულობა 45%-ით შემცირდა და 14,6 მილიარდი ევრო შეადგინა. ინფორმაციას Reuters-ი აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური ურთიერთობების გერმანიის კომიტეტის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიიდან რუსეთში ყველაზე მეტად შემცირდა მანქანებისა და ავტონაწილების ექსპორტი, ასევე ელექტროტექნიკის პროდუქცია. ავტომობილების ბაზარი რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორია: 2022 წელს მასში გაყიდვები 59%-ით დაეცა. წლის ბოლოსთვის ბაზარზე დასავლური ბრენდების ახალი მანქანები თითქმის აღარ დარჩა.
თუმცა, საქონლის იმპორტი რუსეთიდან გერმანიაში, პირიქით, 11%-ით გაიზარდა. ეს დიდწილად ნავთობისა და გაზის მაღალი ფასებით იყო განპირობებული. შედეგად, 2022 წელს გერმანიამ 37 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული საქონელი იყიდა.