საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანახმად, მთავრობის გათვლებით, ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად საქართველოში დაახლოებით 350 000 სამუშაო ადგილი დაიკარგება. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რადიო თავისუფლების მიერ დასმული კითხვის პასუხად გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს გათვლა პროგნოზებსა და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების არსებულ ტენდენციებს ეყრდნობა და, შესაბამისად, მის საფუძველზე შეიქმნა სოციალური პაკეტი მათთვის, ვინც სამსახურისა და ხელფასის გარეშე დარჩა.
„ეს იქნება სადღაც 350 000 ფორმალური სამუშაო ადგილი, რასაც დავკარგავთ მინიმუმ. ამაზე გათვლით გვაქვს გაკეთებული სოციალური შეთავაზების პაკეტი. ფორმალურზე ვსაუბრობ, თუმცა იქნება ამას გარდა არაფორმალური დასაქმების ნაწილში სერიოზული პრობლემები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ყოველთვიურად ასეთი ადამიანები მიიღებენ 200 ლარს.
ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე, 24 აპრილს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ასეთი დაახლოებით 350 ათასი ადამიანია და მათ დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 460 მილიონი ლარი გამოიყოფა.
რადიო თავისუფლება