თბილისის მოსახლეობის 55% უფასოდ ან საშეღავათო ტარიფით მგზავრობს. მათ მიმართ ტარიფი არ შეიცვლება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მათი მიზანია, იგი გახდეს კონკურენტუნარიანი. ადამიანები, რომლებიც ამჟამად საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდებიან ქალაქში, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ მიზნით ინფრასტრუქტურის იმგვარად დაგეგმარებას ახორციელებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. ამასთან, შემოიღეს გადახდის ერთიანი ინტეგრირებული სისტემა, რომლის მეშვეობითაც მიკროავტობუსიდან მეტროსა და ავტობუსში გადაჯდომისას მგზავრი ინტეგრირებულ თანხას გადაიხდის.
„მოსახლეობის 55% უფასოდ ან საშეღავათო ტარიფებით მგზავრობს. რომელთა მიმართაც არაფერი იცვლება. ჩვენ ამავდროულად შემოგვაქვს ევროპული სააბონენტო სისტემა, რომლითაც ყველასთვის ტარიფი იყოს გაიაფებული და არა გაძვირებული. ის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პასიური მომხმარებელია, შესაძლოა, მათთვის გაძვირდეს, მაგრამ აქტიური მომხმარებლებისთვის, მათთვის, რომლებიც ხშირად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან მომავალში მეტად ისარგებლებენ, მათთვის ნამდვილად იაფდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა ვადიანი აბონენტი შეძენით კიდევ უფრო მეტჯერ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, - განაცხადა ტყემალაძემ.
მისივე თქმით, 1-ელ თებერვლამდე საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა მოსახლეობა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული იყოს.
imedinews.ge