1.85 ევრო (დაახლოებით 5.2 ლარი) გერმანულ სუპერმარკეტში და 18.35 ლარი ქართულში - ფოტომ, რომელზეც „ნივეას“ ფირმის მამაკაცის შხაპის გელი იყო ასახული ფეისბუქსაზოგადოება აღაშფოთა.
ნამდვილად 250%-ით ძვირია თუ არა საქართველოში „ნივეას“ პროდუქცია ევროპასთან შედარებით და რა იწვევს ამხელა ფასნამატს, ამის გასარკვევად კომერსანტი პროდუქციის დისტრიბუტორ კომპანიას - შპს „შაბას“ დაუკავშირდა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფოტოზე ასახული პროდუქცია სხვადასხვა მოცულობისაა და მათი შედარება არასწირია.
„ვნახეთ ფოტოები, გეტყვით მანდ რა ცდომილებაა. 18 ლარი რასაც საქართველოს ბაზარზე აწერია არის 500 მლ-იანი, ხოლო ევროპული პროდუქტი არის 250 მლ-იანი. იგივე ზომის პროდუქცია ჩვენთან ღირს დაახლოებით 7 ლარი,“ - აცხადებს კომპანია „შაბას“ წარმომადგენელი. რაც შეეხება იმას, თუ რამდენ პროცენტიან მოგებაზე მუშაობს სადისტრიბუციო კომპანია, ამის გამხელისგან „შაბაში“ თავს იკავებენ.