შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გრძელდება კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია COP26. კონფერენციის მუშაობის მეორე კვირაში მისი ყურადღების ცენტრში იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების აღმოჩენა კლიმატურ ცვლილებებთან გასამკლავებლად. ეს საკითხი მიიჩნევა ერთგვარ გამოცდად, შეძლებენ თუ არა მდიდარი და განვითარებადი ქვეყნები კრიზისის შემსუბუქებისთვის თანამშრომლობას.
8 ნოემბერს მთავრობები შეეცდებიან მიაღწიონ შეთანხმებას იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარონ საფრთხეში მყოფ ქვეყნებს გლობალურ დათბობასთან გამკლავებაში და მოახდინონ მათ მიერ უკვე განცდილი ზარალის კომპენსაცია.
ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრი ენ-მერი ტრეველიანი შეხვედრას გამართავს მინიმუმ 26 ქვეყნისა და რეგიონის მინისტრებთან, მათ შორის აშშ-სა და ევროპის კომისიასთან და მოუწოდებს მათ, მეტი გააკეთონ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად.
ბრიტანეთმა გამოაცხადა გეგმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 400 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ტემპერატურის ზრდის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს ყველაზე მოწყვლადი ქვეყნების დასახმარებლად.
COP26-ში მონაწილე 200-მდე ქვეყანა ცდილობს გამონახოს გზები 2015 წელს პარიზში დასახული გეგმების მისაღწევად. პარიზის შეთანხმებით, ხელმომწერებმა ივალდებულეს გლობალური ტემპერატურის ზრდის შეჩერება საშუალოდ 1,5-2 გრადუსის დონეზე.
8 ნოემბერს სამიტზე გამოქვეყნდება ანგარიში, რომელშიც ნაჩვენებია, რომ მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ქვეყნებში საერთო შიდა პროდუქტი 20%-ით დაეცემა 2050 წლისთვის და 64%-ით - 2100 წლისთვის, თუკი მსოფლიოში ტემპერატურა 2,9 გრადუსით გაიზრდება.