ამერიკული ავტომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია General Motors (GM) ელექტრომობილების განვითარებაში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 77 წლის განმავლობაში იყო მსოფლიოს უმსხვილესი საავტომობილო ბრენდი, აცხადებს, რომ აპირებს 7 მლრდ დოლარის ინვესტირებას მიჩიგანის ელექტრომობილების საწარმოში. აღნიშნული ინვესტიცია კი გახლავთ ყველაზე მსხვილი ერთჯერადი ინვესტიცია, რომელიც კომპანიას მისი 113-წლიანი ისტორიის განმავლობაში განუხორციელებია.
ელექტრომობილების გაყიდვებში კონცერნი რიგით მეორე უმსხვილესი კომპანია იყო ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა 2021 წელი წარუმატებელი გამოდგა, მას შემდეგ, რაც მის გამაში არსებული სერიული Bolt EV და EUV მოდელების გაყიდვებმა იკლო, მაგრამ კომპანია იმედიანადაა უკვე 2022 წლისთვის, ვინაიდან მასობრივ წარმოებაში უშვებს ახალ ელექტრომობილებს, როგორებიცაა: Cadillac Lyriq, GMC Sierra, Chevy Silverado და Chevy Equinox.
იმისათვის, რომ კომპანიამ შეასრულოს პირობა და მომავალი წლისთვის 20 ახალი ელექტრომობილი გამოსცეს, მას სჭირდება სიმძლავრეების გაზრდა.
ამ კვირას GM-მა და LG Energy Solution-მა გამოაცხადეს აკუმულატორების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოს მშენებლობაზე, რომლის სიმძლავრე იქნება 50 გვტ-საათი. ქარხანა აშენდება მიჩიგანში, ქალაქ ლასინგში. გეგმის მიხედვით, კომპანიამ უკვე 2025 წლისთვის წლიურად 1 მლნ ავტომობილის რეალიზება უნდა შეძლოს.
bpn.ge