„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საარსებო მინიმუმის ინდიკატორი უახლოეს მომავალში აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგან ის ძველი გადმონაშთია.
როგორც თოდრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიაზე საუბრისას აღნიშნა, საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, რის გამოც ხშირად „საქსტატი“ კრიტიკის ობიექტი ხდება.
მისივე თქმით, აბსოლუტურად ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის გაანგარიშება საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება, გარდა საარსებო მინიმუმისა.
„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს. ეს მეთოდოლოგია 2003 წელს შემუშავდა. ის მინიმალურ სასურსათო კალათას ეფუძნება, რომელიც 40 დასახელების საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს აერთიანებს. „საქსტატი ამ სასურსათო კალათის ფასებს აკვირდება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება და გეგმა გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი საერთაშორისო ანალოგით უნდა ჩანაცვლდეს - მაგალითად, ეს არის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი. საარსებო მინიმუმის ინდიკატორი დღეს მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში იანგარიშება - ეს არის რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა და ყაზახეთი. ამ ქვეყნებში გამოყენებული მეთოდოლოგია ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ამ მიმართულებით ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს, რომ ეს ინდიკატორი საერთაშორისო ანალოგით ჩანაცვლდეს“, - განაცხადა თოდრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან აღნიშნა ისიც, რომ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგია მტკიცდება მთავრობის მიერ და მასში ცვლილების შესაძლებლობა მხოლოდ „საქსტატს“ არა აქვს.
bpn.ge