გონიოში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ლაბაუ“ შენდება. პროექტს, რომლის საინვესტიციო ბიუჯეტი 10 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ახორციელებს.
„კომერსანტთან“ საუბრისას „მგზავრების“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მადლენა მანუსაჩიანი ამბობს, რომ სასტუმროში არსებული 205 ნომრიდან 40% გაიყიდება, ხოლო მესაკუთრე სასტუმროს მოგების მეწილე გახდება.
„ინფრასტრუქტურის მხრივ პროექტი ძალიან მაღალი დონისაა. აკვაპარკი, დახურული აუზი და საკონფერენციო, ასევე მეთხუთმეტე სართულზე კვების ობიექტი განთავსდება, რომელსაც ზღვის ხედი დაამშვენებს. ეს სიახლეა ქართული უძრავი ქონების ბაზარზე იმ მხრივ, რომ ჩვენ ვყიდით ნომრებს და მესაკუთრეს მთლიანად სასტუმროს კომერციული ფართების მოგებიდან მიღებული წილის მფლობელი გახდება.“ - აცხადებს მადლენა მანუსაჩიანი
მადლენა მანუსაჩიანის ინფორმაციით ნომრის მესაკუთრე სასტუმროს ინფრასტრუქტურით სრულიად უფასოდ ისარგებლებს და აპარტ-ოტელის მფლობელთათვის განსაზღვრული ფულადი ვალდებულებები არ დაეკისრება.
„აპარტ-ოტელისგან განსხვავებით ჩვენს ნომერს დამატებით ოთახის შენახვის ხარჯი არ აქვს. აპარტამენტის შემთხვევაში კი 40 კვ.მ-ზე 400$-ია. ასევე, სასტუმროს განახლება, სარემონტო სამუშაოები და სხვ. სასტუმროს ხარჯია და არა მესაკუთრის.“ - განმარტავს მანუსაჩიანი
სასტუმრო „ლაბაუს“ ნომრის გასაყიდი ღირებულება 1კვ.მ-ზე 1690 აშშ. დოლარია, თუმცა მიმდინარე ფასდაკლების ფარგლებში, რომელიც სექტემბრამდე გაგრძელდება, ნომრის ყიდვას 1390 აშშ. დოლარად შეძლებთ. რაც შეეხება, უშუალოდ დასასვენებელი ნომრის ღირებულებას - სეზონზე მისი ფასი 120$, ხოლო წლის სხვა პერიოდში 70$ იქნება.
„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები 3 ვარსკვლავიანი აპარტოტელის კოცეფციას, ასევე, ბათუმსა და გონიოში 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს მოიცავს. „ლაბაუ“ კომპანიის მხრიდან სასტუმროების 5 ვარსკვლავიანი ხაზის გაშვების პირველი შემთხვევა იქნება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ გონიოსა და ბაკურიანში შენდება და 2021 წლის სექტემბერში დასრულდება.
ანი ცარციძე