წელს გორში თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ვერ გაიხსნება. როგორც კომპანია ,,ქართული ორაგულის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი კახაბერ აბაზაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, ქარხნის გახსნა 2022 წლის პირველ კვარტალში იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიამ, შემდეგ უკვე რეგიონში მიმდინარე ომმა პრობლემა შექმნა, რის გამოც ქარხნის გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
,,კალმახის და ორაგულის ხიზილალის გადამუშავება გორში 8 წლის წინ დავიწყეთ. პროდუქტით ძირითადად თბილისს ვამარაგებთ. გეგმის მიხედვით, წარმოება უშუალოდ ქარხანაში გადაინაცვლებდა, მაგრამ ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა, რომელიც პანდემიას, შემდეგ უკვე რეგიონში მიმდინარე ომს უკავშირდება. ნედლეული გაძვირდა და ხარჯიც გაგვეზარდა, რის ფონზეც მოთხოვნა შემცირდა, ფაქტობრივად განახევრდა. მიუხედავად ამისა, ფასს ჯერჯერობით ვინარჩუნებთ. რეალიზაცია ისედაც შემცირებულია, გაჭირვებაა ქვეყანაში, პირველადი მოთხოვნის პროდუქტს ვერ ყიდულობს ხალხი და ხიზილალას უფრო და უფრო აკლდება მყიდველი, რაც საბოლოოდ სამუშაო პროცესზე აისახება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რამდენიმე თანამშრომლის გაშვება მოგვიხდა. ერთადერთი გამოსავალია, ომი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს და დაწყნარდეს მსოფლიო, სხვა ყველაფერს თანდათან ეშველება“, - ამბობს კახაბერ აბაზაშვილი ,,კომერსანტთან“.
ამ ეტაპზე ,,ქართული ორაგული“ 130 საკალმახეს ფლობს.
,,საკმაოდ ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევქმენით, რომელსაც მთლიანად ადგილობრივ ბაზარსა და თბილისში ვყიდით. ქარხნის ამუშავების შემთხვევაში, მთელ საქართველოს მოვიცავთ და პროდუქტს ექსპორტზეც გავიტანთ ბრენდით ,,ქართული ორაგული“. ახალ ქარხანასაც ეს სახელი დაერქმევა“, - ამბობს კახაბერ აბაზაშვილი.
პროექტი სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით განხორციელდა და ჯამურმა ინვესტიცია 300 000 ლარი შეადგინა.
მარი ჩიტაია