მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მისი დაწყების დღეს 20 ქვეყანა შეუერთდა Grain from Ukraine-ს და კიდევ მეტი შეუერთდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰუმანიტარული პროგრამა Grain from Ukraine-ს ფარგლებში გამართულ სასურსათო უსაფრთხოების პირველ საერთაშორისო სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, Grain From Ukraine პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ სულ მცირე 60 გემის გაგზავნას უკრაინის პორტებიდან შიმშილისა და გვალვის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებში.
„მინდა გამოვაცხადო ჩვენი ახალი საერთაშორისო ინიციატივის - Grain from Ukrain-ის შესახებ, რომელსაც მხარს უჭერთ თქვენ, კოლეგებო და ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ თქვენი. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში უკრაინული საკვები აფრიკისა და აზიის ქვეყნებში გაიგზავნება.
ჩვენი მიზანი ამბიციური და კონკრეტულია - გადავარჩინოთ მინიმუმ 5 მილიონი ადამიანი შიმშილისგან. ამ გზაზე უკრაინამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები - გაგზავნა პირველი გემები. ნოემბრის შუა რიცხვებში – 27000 ტონა ხორბალი ეთიოპიისთვის. დღეს კიდევ ერთი გემი იტვირთება და ეს არის კიდევ 30 000 ტონა ხორბალი ეთიოპიაში მცხოვრები ხალხისთვის. ამ წუთებში, კიდევ სამი გემი უკრაინის პორტებში ჩასატვირთად მიემგზავრება. ისინი 80 000 ტონაზე მეტ საკვებ ხორბალს მიაწვდიან იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
საერთო ჯამში, Grain From Ukraine პროგრამის ფარგლებში, მომავალი გაზაფხულის ბოლომდე, ჩვენ ვგეგმავთ სულ მცირე 60 გემის გაგზავნას ჩვენი პორტებიდან - თვეში მინიმუმ ათი გემის - შიმშილისა და გვალვის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებში. ეს არის ეთიოპია, სუდანი, სამხრეთ სუდანი, სომალი, იემენი, კონგო, კენია, ნიგერია. ყველა მათგანს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. წარმოიდგინეთ, მარცვლეულით დატვირთული მხოლოდ ერთი გემი უზრუნველყოფს საკვებით 90 000 ადამიანს. სამოცი ასეთი ხომალდი შეძლებს მსოფლიოს თავიდან ააცილოს სულ მცირე 5 მილიონი მოსახლის შიმშილი.
ჩვენ ვიწვევთ სხვა სახელმწიფოებს და სოციალურად პასუხისმგებლიან ბიზნესს ამ ჰუმანიტარულ ინიციატივაში, ჰუმანიტარულ პროგრამაში მონაწილეობისთვის. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მისი დაწყების დღეს 20 ქვეყანა შეუერთდა Grain from Ukraine-ს და კიდევ მეტი შეუერთდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ipn.ge