„ხუდონჰესის“ პროექტის რეალიზებისთვის მთავრობა ადგილობრივი ფინანსური რესურსების მობილიზებააც არ გამორიცხავს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ სტუმრობისას განაცხადა, შესაძლებელია განხილული იყოს საპენსიო ფონდის არსებული თანხების ნაწილობრივი გამოყენება გრძელვადიანი პროექტებისთვის.
„ზოგადად, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტრიქტურული რეფორმები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ საქართველოს სახელმწიფომ მოახერხა ის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიის შემდეგ ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა და მაკროეკენომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც გვაძლევს იმის სივრცეს, რომ ვესაუბროთ ძალიან ღიად როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ისე ადგილობრივ ინვესტორებს.
სახელმწიფოს მონაწილეობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია როგორც ადგილობრივი ფინანსური რესურსების მობილიზება, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვა. ასევე საპენსიო ფონდის არსებული თანხების ნაწილობრივი გამოყენება გრძელვადიანი პროექტებისთვის. ეს არის საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები, რომელიც მაქსიმალური წინდახედულობით ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ გრძელვადიან პროექტებში იქნეს მიმართული. შეიძლება ეს იყოს ობლიგაციები, კაპიტალი, ამის სტრუქტურირებას რამდენიმე თვის განმავლობაში მოვახდენთ. ასევე ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს ჩვენს პოტენციურ და პროფესიონალ ინვესტორებთან“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, პროექტში ჩართულობისთვის ძალიან დიდი ინტერესია.
„ახლა კონკრეტული კომპანიების გაჟღერება არ მინდა, თუმცა, ეს არის დასავლეთ ევროპული კომპანიებიც,რომლებიც დაინტერესებულები არიან პროექტის განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა. საუბარია, პროფესიონალ კომპანიებსა და ინვესტორებზე. არ მოიაზრება მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტების და საფინანსო ინვესტორების მოზიდვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს, რომლებსაც პარტნიორებად განვიხილავთ, ასეთი პროექტების განხორციელებაში კონკრეტული გამოცდილება ჰქონდეთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობააა იმისა, რომ პროექტები წარმატებით განხორციელდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ზოგ შემთხვევაში კარგი ინვესტორები გყვავდა, მაგრამ ეს ინვესტორები ამ დარგის წარმომადგენლები არ იყვნენ. სექტორს თავისი სპეციფიკა გააჩნია, მათ შორისაა, ურთიერთობა მოსახლეობასთან პროექტის ორგანიზების სხვადასხვა ეტაპზე,შეფასებები და სხვადასხვა საკითხი“, - აღნიშნა მინისტრმა.