გრენლანდიის ყინულის დნობამ შესაძლოა მომდევნო საუკუნენახევარში გლობალური ზღვის დონის 27 სანტიმეტრით აწევა განაპირობოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.
ნაშრომის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლებელია მაშინაც კი, თუ კაცობრიობა მოახერხებს ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების გეგმის შესრულებას.
„ზღვის აწევა მინიმუმ 27 სანტიმეტრით მოხდება იმის მიუხედავად, თუ რას გავაკეთებთ შემდეგ“, - თქვა უილიამ კოლგენმა დანიისა და გრენლანდიის გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენელმა.
27 სანტიმეტრიანი ზრდა კი შეესაბამება 110 ტრილიონი ტონა ყინულის თხევად წყლად გადაქცევას.
ეს გაირკვა გრენლანდიის ყინულის 2000-2019 წლებში გადაღებული სატელიტური სურათების გამოყენებით. ამავდროულად, პროგნოზები აჩვენებს, რომ თუ სათბურის გაზების ემისიები დარჩება არსებულ დონეზე, დნობა შეიძლება დაჩქარდეს, რაც გამოიწვევს მსოფლიო ზღვის დონის 78 სანტიმეტრით მატებას.
ამასთან, 2013-2021 წლებში ოკეანე წელიწადში 4,5 მილიმეტრით იზრდებოდა, რაც ორჯერ მეტია 1990-იანი წლების მაჩვენებლებთან შედარებით.