სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა“ (“GRPO”) - Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი” ან “GCAP”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, განახლებადი ენერგიის აქტივების ერთ-ერთმა წამყვანმა პლატფორმამ საქართველოს მასშტაბით, სს „გალტ & თაგარტისა“ და შპს „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე უზრუნველყოფილი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. $80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი, ე.წ. ბულეტ გადახდის გრაფიკის მქონე ობლიგაციების გამოშვება და განთავსება 2022 წლის 12 ოქტომბერს მოხდა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორატიულ ტრანზაქციას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე.
ობლიგაციებისთვის წარმატებული ფასწარმოქმნისა და book-building-ის შედეგად, ფიქსირებული კუპონი განისაზღვრა 7.00%-ით, გამოშვებისა და განთავსების ფასი - ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 100%-ით. ობლიგაციების შესაძენად გამოთქმული ჯამური დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ობლიგაციების ემისიის მოცულობას, ხოლო დადგენილი კუპონისთვის აღნიშნულმა გადაჭარბებამ დაახლოებით 10% შეადგინა.
მოზიდული სახსრები სრულად იქნა გამოყენებული GCAP-ის მიმართ არსებული სადამფუძნებლო სესხის რეფინანსირებისთვის, რომელიც კომპანიას მიღებული ჰქონდა $ 250,000,000 7.75% ევრო-ობლიგაციებიდან განახლებადი ენერგიის ბიზნესისთვის მიკუთვნებული დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ევრო-ობლიგაციები 2020 წლის 28 ივლისს გამოშვებული იქნა GRPO-ს ყოფილი 100%-იანი აქციონერის, სს „ჯორჯია გლობალ იუთილითიზ“ („GGU“)-ის მიერ.
GRPO-მ მწვანე ობლიგაციის ჩარჩოსთვის მოიპოვა ე.წ. მეორე მხარის მოსაზრება (Second Party Opinion) წამყვანი ESG კვლევისა და ანალიტიკის მომწოდებელი კომპანია Sustainalytics-ისგან. გარიგების განთავსების აგენტებს წარმოადგენდნენ სს „გალტ & თაგარტი“ და შპს „თიბისი კაპიტალი“. სტრატეგიული ინვესტორების იურიდიულ მრჩევლებს წარმოადგენდნენ BLC Law Office და Dentons, ხოლო ემიტენტის ფინანსურ აუდიტორს - EY LLC. გარიგებას მხარი დაუჭირეს ჯგუფის გრძელვადიანმა პარტნიორებმა - ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიამ (FMO), აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD). FMO, ADB და IFC ასევე წარმოადგენდნენ გარიგების სტრატეგიულ (anchor) ინვესტორებს.