ცხოველების დამცველთა პრეტენზიების შემდეგ, იტალიური მოდის და ტყავის ნივთების ლეიბლი GUCCI კურდღლის ბეწვისგან დამზადებული თექის და მისგან შექმნილი ნივთების წარმოებას წყვეტს.
პარადოქსია, მაგრამ კურდღლისგან დამზადებული თექის პროდუქტები იმ კოლექციაში იყო წარმოდგენილი, რომელიც ჩინურ ახალ წელს და მის სიმბოლოს, კურდღელს ეძღვნებოდა. ამასთან, კოლექციაში წარმოდგენილი ქუდების 100% კურდღლის თექისგან იყო დამზადებული.
სოციალურ ქსელებში ამ კოლექციისადმი მიძღვნილ კამპანიას უგემოვნო უწოდეს. კრიტიკოსთა შორის ცხოველთა უფლებების დამცველი რებეკა კაპელი და მწერალი მარკუს პენცეკი იყვნენ.
თავდაპირველად, GUCCI-მ განმარტა, რომ კურდღლის თექა არ იყო კლასიფიცირებული, როგორც ბეწვი, რადგან მას ცხოველის კანთან ურთიერთქმედების გარეშე მიიღებდნენ. ამიტომ კომპანიას სჯეროდა, რომ მასალა „ბეწვის გარეშე“ პოლიტიკას შეესაბამებოდა. ამის მიუხედავად, მოდის სახლს მაინც მოუწია კურდღლის თექის წარმოებიდან ამოღება.