„კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში სეზონი ჩავარდა“ - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურისტების უმრავლესობამ წინასწარ ჩარიცხული თანხები სასტუმროებისგან უკან მოითხოვა, რის გამოც სექტორი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა .
„წელს ახალი ბაზრიდან, ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულების განვითარება, 15 000 ებრაელ ტურისტს ველოდებოდით. სამწუხაროდ, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო სეზონი ჩავარდა. მომხმარებლის უმრავლესობამ წინასწარ ჩარიცხული თანხები სასტუმროებისგან უკან მოითხოვა. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა სექტორი, რასაც დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთ ხელისშემშლელ პირობად ითვლება.
არანაირი კანონმდებლობა არ გვაქვს, რომელიც უკრძალავს ვინმეს ქვეყანაში შემოსვლას და აქ ინსტრუქტორად მუშაობას. ბევრი ინსტრუქტორი ჩამოვიდა, საიდანაც შესაძლოა, რამდენიმეს საერთაშორისო ლიცენზია ჰქონდეს და ამის წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. თან ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა. როდესაც ბევრი ტურისტია, ინსტრუქტორებთან გადანაწილება ხდება, ინსტრუქტორები დაკავებულები არიან და ასე მძაფრად არ დგება ეს პრობლემა. მაშინ, როდესაც ტურისტების სიხალვათეა, ეს პრობლემა იჩენს თავს. გამოჩნდა, რომ საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო სიტუაციაა“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”.