ჰიპერმარკეტ ,,გუდვილში“ აცხადებენ, რომ პროდუქტის იმპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს და რომელიმე მიმართულებით წყვეტა არ დაფიქსირებულა. ჰიპერმარკეტის დირექტორის გიორგი ხაბაშვილის ინფორმაციით, პრობლემა ,,გუდვილს“ არც დისტრიბუციასთან დაკავშირებით აქვს და არც დახლებზე შეიმჩნევა პროდუქტის სიმცირე.
,,ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ, ამ ეტაპზე არც ერთი პროდუქტის დეფიციტს არ განვიცდით და ეს რისკი ჩვენს წინაშე არც დგას. დიდწილად სტაბილურობა განპირობებულია იმით, რომ პროდუქტის იმპორტს ვახორციელებთ ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის, გერმანიიდან და იტალიიდან. პერიოდულად მოგვეწოდება პროდუქცია ისე, რომ წყვეტა არ ყოფილა. იგივე შემიძლია ვთქვა დისტრიბუციასთან დაკავშირებითაც, კომპანიების მხრიდან არ ყოფილა ინფორმაცია, რომ შეიძლება გარკვეული პროდუქტი ვერ მოგვაწოდონ, ამის საფრთხე არ იკვეთება. ეს ეხება ყველა დასახელების სურსათს, მათ შორის შაქარსაც, რომელიც დახლებზე შეუზღუდავი რაოდენობით იყიდება“, - ამბობს ხაბაშვილი ,,კომერსანტთან“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია სასურსათო მაღაზიების ნაწილში შაქრის დეფიციტთან დაკავშირებით. .
მაღაზიების კონსულტანტების ინფორმაციით, შაქარზე მომხმარებლების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა და მარაგი დროებით ამოწურულია.