„დავის დასრულების მზაობა ჩვენგან სულ იყო, საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პროცესი იყო. საბოლოოდ, მერიამ დიდი სამუშაო შეასრულა”, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილის შვილმა, გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.
„ვგრძნობ ბედნიერებას, ეიფორიას, ყველაფერ კარგს“, - აღნიშნა მან.
„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა. ის, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. მაია რჩეულიშვილი 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა, თუმცა, დოკუმენტს არცერთი მხარე არ აწერდა ხელს. პროკურატურის მთავარი მოთხოვნა, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, შეთანხმება გაფორმდა, არის ის, რომ ყველა დაზარალებული უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც ცნობილია, მერიის შუამდგომლობით, „ცენტრ პოინტის“ მშენებლობები დასრულდება.
რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულება რუსუდან კერვალიშვილმა დატოვა.
15 მაისს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ „ცენტრ პოინტის“ 6000-მდე დაზარალებულის პრობლემა მოგვარებულია. იმავე დღეს, მერმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ.
imedinews.ge