ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2023 წლიდან, საბიუჯეტო დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება.
2023 წელს „ღვინის ლაბორატორიული კვლევის" ქვეპროგრამის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 16,7 %-ით გაიზარდა და 700 ათასი ლარი შეადგინა. ასევე 8,3 %-ით გაიზარდა და 650 ათასი ლარით განისაზღვრა „მევენახეობის განვითარების ღონისძიებების" ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს ვენახების კადასტრის პროგრამა დასრულდება საქართველოს მევენახეობის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროგრამა ჯერ არ განხორციელებულა და განახლდება მონაცემები პროგრამის არსებული მონაცემთა ბაზისთვის.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. 2021 წელს, პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში დასრულდა; პროგრამა მიმდინარე წელს ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება.
სააგენტოს ინფორმაციით, გაორმაგდა საბიუჯეტო დაფინანსება „ქართული ვაზის პოპულარიზაციისა" და „ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების" ქვე-პროგრამებისთვის და 100-100 ათასი ლარი შეადგინა, რაც ორივე მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების საფუძველია. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაგრძელდება ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული სამეცნიერო მუშაობა და ახალი არქეოლოგიური კვლევები, ასევე გააქტიურდება საქმიანობა ქართული ღვინის ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დასარეგისტრირებლად.