„ღვინის ინდუსტრიის დიდი ნაწილი მუშაობს ხარისხზე და ქართული ღვინის მაღალ ფასიან სეგმენტში აყვანას ცდილობს. პირობითად რომ ვთქვათ, მათ უნდათ, რომ 1 მილიონი ბოთლი გაყიდონ 10 დოლარად. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ღვინის „გაბევრებით“ არიან დაკავებული. ეს ორი კონცეფცია ერთმანეთს ეჯახება. მე პირადად შეთავაზებული მაქვს ინსტრუმენტები, რაც ხარისხის კონტროლის პროცესში საერთაშორისო კომპანიის ჩარევას გულისხმობს. სამწუხაროდ, ამ საკითხის მუდმივი გადავადება ხდება“, - ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა განაცხადა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობდნენ მეღვინეები ღვინის ხარისხის კონტროლში საერთაშორისო კომპანიის ჩართვაზე. კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ღვინის ხარისხის კონტროლში საერთაშორისო კომპანიის ჩართვას არ ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებით ყველა კომპანია უნდა იყოს დაინტერესებული.
„თუ იქნება საერთაშორისო კომპანია, რომელიც გააკონტროლებს ხარისხს არ შევეწინააღმდეგები, პირიქით მომხრე ვიქნები. თუმცა, ტექნიკურად როგორ უნდა შესრულდეს ეს და რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ალბათ მცირე და საშუალო ბიზნესს უფრო დააინტერესებს. ვფიქრობ, რომ ყველა კომპანიის მენეჯმენტი თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული მაღალხარისხიანი ღვინის გამოშვებით. ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ღვინო ყურძნისგან მზადდებოდეს, ხოლო ხარისხობრივად ის პირველი კატეგორიის იქნება თუ მესამეს, ეს ტექნოლოგიის და ზოგადად მენეჯმენტის გადასაწყვეტია. ფალსიფიცირების საკითხი ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეხება, იგი ვალდებულია გააკეთოს საკონტროლო შემოწმებები და მიიღოს სათანადო ზომა. ეს პრობლემა არა უცხოელი ექსპერტის შემოყვანით, არამედ ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობით და ღვინის კონტროლით მოგვარდება“, - განმარტავს ზურაბ ჩხაიძე.
„თელავის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი აღნიშნავს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლი მკაცრად უნდა შემოწმდეს რათა ფალსიფიკაცია არ მოხდეს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ეს საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანია იქნება, მთავარია კეთილსინდისიერი იყოს, რომელიც მხოლოდ კანონის შესაბამისად იმოქმედებს და არ ექნება არავითარი სხვა პრიორიტეტი.
„ჩვენ კომპანიას ხარისხის კონტროლის მხრივ პრობლემები არ აქვს, მაგრამ ზოგადად ბაზარზე კვლავ არის დაბალხარისხიანი ღვინოები, რომლებიც არ იმსახურებენ კონკრეტულ სახელწოდებებს და ვფიქრობ, რომ კონტროლის გაუმჯობესება კარგი გადაწყვეტილება იქნება. თუმცა ამას საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია გააკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს , მთავარია ეს იყოს კომპანია, რომელიც კეთილსინდისიერად იმუშავებს. ჩემი აზრით ყველა მეღვინე სოლიდარულია იმ საქმეში, რომ ღვინის ხარისხი კარგად უნდა კონტროლდებოდეს“, - აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.