ბიო ღვინის მწარმოებელმა 11-მა ქართულმა კომპანიამ ბერლინის ნატურალური, ბიო და ორგანული მეღვინეების ფესტივალზე - RAW WINE 2021 გასატანი ღვინოები გამოფენამდე 3-4 კვირით ადრე წარუდგინა ღვინის ეროვნულ სააგენტოს. ამ უკანასკნელს უნდა უზრუნველეყო ამ ღვინოების გაგზავნა ფესტივალზე, თუმცა, გამოფენამდე 1 დღით ადრე - 27 ნოემბერს აღმოჩნდა, რომ პროდუქცია გერმანიის საბაჟოზე იყო გაჩერებული.
ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი, ბიზნესმენი ივა მარტიაშვილი, რომელიც ფესტივალზე საკუთარი ბარგით ჩატანილი რამდენიმე ბოთლი ღვინით წარსდგა, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ, 28 ნოემბერს, ბერლინში გაიმართა ნატურალური, ბიო და ორგანული მეღვინეების ფესტივალი - RAW WINE 2021.
ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, საქართველოს ბიო და ნატურალური მეღვინეებისთვის, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში. გამოფენას ესწრებოდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ნატურალური ღვინის იმპორტიორები, მაღაზიები და ღვინის ექსპერტები.
საქართველოდან იყო წარმოდგენილი 11 ღვინის კომპანია, 11 ენთუზიასტი მეღვინე, რომლებიც ძალიან დიდ ძალისხმევას მიმართავენ რომ აწარმოონ და მსოფლიოს გააცნონ ასეთი ნიშური პროდუქტი, როგორიც ქართული ნატურალური ღვინოა.
ყველა მეღვინემ, გამოფენამდე 3-4 კვირით ადრე, მიიტანა ფესტივალზე წარსადგენი ღვინო - ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომელთაც უნდა გაეგზავნათ ღვინო ბერლინში.
27 ნოემბერს, ფესტივალამდე ერთი დღით ადრე გავიგეთ, რომ ღვინო გერმანიაში საბაჟოზე არის გაჩერებული და ყველა მეღვინე წარვდექით მხოლოდ საკუთარი ბარგით ჩატანილი ღვინით, ზოგ მეღვინეს ჰქონდა 6, ზოგს მხოლოდ 3 ბოთლი წამოღებული. ამ რამდენიმე ბოთლით ასობით სტუმრისთვის ღვინის დეგუსტაცია ძალიან რთული იყო და ბევრს დაწყებიდან რამდენიმე საათში გაუთავდა.
აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვაა:
1. ვინ არის პასუხისმგებელი ფაქტზე, რომ 3 კვირის განმავლობაში ღვინო ვერ ჩაიტანეს გერმანიაში? თუნდაც იმიტომ რომ ეს შემდგომში არ განმეორდეს.
2. ვინ არის პასუხისმგებელი, რომ მხოლოდ წინა დღეს გავიგეთ, რომ ფესტივალისთვის განკუთვნილი ღვინო ვერ ჩამოიტანეს? და ჩვენ ვერ მოვასწარით ღვინის სხვა გზებით წამოღება.
3. რატომ არ ესწრებოდა ღვინის გამოფენას არცერთი წარმომადგენელი საქართველოს საელჩოდან გერმანიაში? თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენთვის (ღვინის კომპანიებისთვის) აეხსნათ, რის გამო ვერ მოხდა ღვინის მოწოდება და მოეხადათ ბოდიში, რომ ასეთ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით. არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ 11 ღვინის კომპანია იყო ბერლინში გამოფენაზე და საელჩო მხარდაჭერის მხრივ მაინც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი“, - წერს ყოფილი ბანკირი, ბიზნესმენი ივა მარტიაშვილი.