საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ბოლო პერიოდში ყოველწლიურად იზრდება, ასევე იზრდება გზავნილებზე სახიფათო დამოკიდებულებაც. 2015 წლის შემდეგ გზავნილების წილი მშპ-ს ფორმირებაში 9.8%-დან 13.3%-მდე გაიზარდა. ემიგრანტები ინვესტორებთან შედარებით ქვეყანაში რამდენჯერმე მეტ ვალუტას გზავნიან, რომელიც თითქმის მთლიანად, მოხმარებაში ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის შესაძენად იხარჯება და რომელიც ეკონომიკაში აქსელერატორის როლს ვერ ასრულებს, ვერ აწარმოებს ვერაფერს და ვერ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
2016-2021 წლებში ფულადი გზავნილების მოცულობა 104%-ით $1.153 მლრდ-დან $2.350 მლრდ-მდე გაიზარდა. იმავე პერიოდში გაორმაგდა ექსპორტიც და $4.242 მლრდ-ს მიაღწია, თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა განახევრდა. 2016 წელს საქართველოში $1.654 მლრდ-ის ინვესტიცია შემოვიდა, 2021 წლის სამ კვარტალში $728 მლნ-ის. უკეთეს შემთხვევაში მეოთხე კვარტალის შედეგებით 2021-ის FDI $1 მლრდ-ს მიაღწევს, რაც იმავეს საბაზისო 2016 წელთან შედარებით მატება კი არა 40%-იანი ვარდნა იქნება. თუ პანდემიამდელ პერიოდს შევადარებთ, 2016-2019 წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 55%-ით $3.269 მლრდ-მდე გაიზარდა, გადმორიცხვები 50%-ით $1.733 მლრდ-მდე, მაგრამ 2021 წელს $1.245 მლრდ-მდე შემცირდა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, 2020 წელს საერთოდ $542 მლნ-მდე შემცირდა. ფულადი გზავნილები კი 2020 წელსაც გაიზარდა.
ფულადი გზავნილების ზრდა ერთის მხრივ საქართველოში დარჩენილების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნიშნავს, რომლებიც როგორც იმპორტირებულ ასევე ადგილობრივ პროდუქციას ყიდულობენ და მათი გაკოტრების რისკებს ამცირებენ, მაგრამ ამავე დროს რისკებიც იზრდება.
საზღვარგარეთ სამუშაოდ როგორც წესი ახალგაზრდები და შუახნის ადამიანები მიდიან, ისინი საქართველოში დოვლათს ვეღარ ქმნიან, მათ მიერ გამომუშავებული თანხიდან ბიუჯეტში ირიბად აქციზის გადასახადი და დღგ ხვდება, საშემოსავლო და მოგების გადასახადი არა. გამოგზავნილი თანხა მეტწილად ემიგრანტების რაოდენობის პროპორციულად იზრდება და ნაკლებად მათი ანაზღაურების ზრდის გამო.
13-15 წლის წინ რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 50%-ს აჭარბებდა, დღეს 17%-მდეა შემცირებული, თუმცა მაინც პირველ ადგილზეა, რაც გარკვეულ რისკებს ტოვებს, ისევე როგორც მისი მეორე ადგილი ექსპორტში.
თუ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის ფორმირებაში ტექნოლოგიების წილი იზრდება, საქართველოში ზრდის დინამიკა ფულად გზავნილებს ახასიათებს. 2015-2020 წლებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება 9.8%-დან 13.3%-მდე გაიზარდა.
როგორია სხვა ქვეყნების მდგომარეობა? ირლანდიის ეკონომიკა გზავნილებზე 0.1%-ით არის დამოკიდებული, ნორვეგიის 0.2%-ით, ნიდერლანდების 0.3%-ით, დანიის 0.4%-ით, შვედეთის 0.6%-ით, ისლანდიის 0.7%-ით. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ლიეტუვის 1.4%-ით, ესტონეთის 1.7%-ით, ლატვიის 3.2%-ით, აზერბაიჯანის 3.3%-ით, უკრაინის 9.8%-ით, სომხეთის 10.5%-ით, მოლდოვის 15.7%-ით, ტაჯიკეთის 26.7%-ით, ყირგიზეთის 31.3%-ით. გზავნილების წილი 20%-ს აღემატება ასევე: ჰონდურასში, ნეპალში, ლესოთოში, სალვადორსა და სომალში.
გიორგი ელიზბარაშვილი