გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ99-დან კმ102 მონაკვეთამდე (გუდაურიდან პირველი გვირაბის შესასვლელამდე) ზვავსაშიშროების საფრთხის დონე დაბალია და შესაძლებელია გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ზვავსაშიშროების უბანი ამჟამად მხოლოდ კმ102-კმ105-ზეა და 3 კილომეტრამდეა შემცირებული.
ამ დროისთვის გუდაური კობის მონაკვეთზე ორივე მხრიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პირველი მხრიდან სამუშაოები გრძელდება კმ93-დან კმ102-მდე, ხოლო მეორე მხრიდან - კმ107-დან კმ105-მდე მონაკვეთზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.