ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, ასევე ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა. მათ ბრალი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ.
„დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის დაკავების ორდერი გასცა: ბ-ნი ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი და ქ-ნი მარია ალექსის ასული ლვოვა-ბელოვა.“ — ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ პუტინი და ლვოვა-ბელოვა ეჭვმიტანილები არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში.
ხუთშაბათს გაეროს საგამოძიებო კომისიამ განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში გაყვანა შეიძლება სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეები განმარტავენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი, იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებებზე, როგორც მათი უშუალო მონაწილე, ასევე როგორც ლიდერი, რომლის ქვეშევრდომებმა, მისი თანხმობით თუ მისი ნების დართვით ჩაიდინეს ეს დანაშაულები.
ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა სასამართლოს მიერ არის ეჭვმიტანილი იმავე დანაშაულში რომის სტატუტის იმავე მუხლებით, როგორც პუტინი.