18 იანვრიდან დედაქალაქში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ფიქსირდებოდა. გარემოს ეროვნული სააგანტოს ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილების მატება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებასთან იყო კავშირში.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში განაცხადა, ქვეყნის გარე ტერიტორიიდან მტვრის მასების შემოჭრა ძალიან ხშირად, წლის განმავლობაში რამდენიმე ათეულჯერ მაინც ხდება. ამჯერად მტვერი შუა აზიის უდაბნოდან შემოვიდა, თურქმენეთის ტერიტორიიდან ევროპისკენ დაიძრა, გაიარა საქართველო და სკანდინავიას მიაღწევს.
„მტვერი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოვიდა და ყველაზე მეტად ჰაერი დააბინძურა თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, რუსთავში და ბათუმშიც. უკვე დაბინძურების ყოველ საათობრივი კლება გვაქვს. ქვეყანა ჯერ-ჯერობით სრულად არაა განიავებული, მაგრამ მტვერი ტოვებს საქართველოს და ევროპისკენ მიდის,“ - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, ჰაერის დაბინძურებისას გარეთ ყოფნას და ფიზიკურ აქტივობას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც გულსისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები აწუხებს, ასევე მოხუცები და ბავშვები, რეკომენდებულია ასევე პირბადის ტარება.