კორონავირუსით გამოწვეული პირველი „ლოკდაუნის“ პერიოდში ჰაერის დაბინძურება 31%-ით შემცირდა, რაც ეკონომიკურ აქტივობას და ჰაერის ხარისხს შორის კავშირზე მეტყველებს. ამის შესახებ Visual Capitalist-ის კვლევაშია ნათქვამი. Visual capitalist-მა ჰაერის დაბინძურების რეიტინგი 2022 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსზე დაყრდნობით შეადგინა, რაზეც „ჰინრიხის ფონდი“ „IMD-მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ცენტრთან“ თანამშრომლობით მუშაობდა. რეიტინგი 30 მსხვილი სავაჭრო ეკონომიკის მიხედვითაა შედგენილი.
ჰაერის დაბინძურება მცირე და საშიში ნაწილაკების, PM2.5-ის საშუალებით იზომება, მათი დიამეტრი 2.5 მიკრონზე მცირეა, რაც ადამიანის თმის ღერის დიამეტრზე დაახლოებით 28-ჯერ ნაკლებია. ჰაერის დაბინძურების გარდა, მსგავსი ნაწილაკების არსებობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, რაც რესპირატორულ დაავადებებს იწვევს და უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა ლეტალურად დამთავრდეს. აღსანიშნავია, რომ გლობალურად გარდაცვალების 12%-ს სწორედ ჰაერის დაბინძურება იწვევს.
დაბინძურების განსაკუთრებით მაღალი დონე იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ შედარებით დაბალია. აღნიშნულს ჰაერის ხარისხის კონტროლის ნაკლებად მკაცრი რეგულაციები, გადატვირთული სატრანსპორტო სისტემები და სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიული სექტორები განაპირობებს. გარდა ამისა, მსგავსი ქვეყნების პრიორიტეტულ საჭიროებებს უმეტესად საკვებისა და თავშესაფრის არსებობა წარმოადგენს.
მდგრადი ვაჭრობის ინდექსში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდოეთშია. ინდოეთი განვითარებადი და მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, აქედან გამომდინარე კი, დაბინძურების პრობლემებს ქვეყანაში როგორც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისა და ბიომასის წვა, ასევე ავტომობილების გამონაბოლქვი ამწვავებს. ინდოეთი ქვანახშირის მეორე უმსხვილესი მომხმარებელიცაა, არ გააჩნია ემისიებისა და ლითონის დნობისა და ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების მუშაობის მკაცრი კონტროლი.
2022 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსი: ეკონომიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების ყველაზე დაბალმაჩვენებლიანი ქვეყნების ათეული.
- ახალი ზელანდია – 6 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- ავსტრალია – 7 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- კანადა- 7 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- ამერიკის შეერთებული შტატები – 8 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- ბრუნეი – 8 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- გაერთიანებული სამეფო – 10 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- რუსეთი – 12 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
- იაპონია -14 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- პაპუა – ახალი გვინეა – 16 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
- ტაივანი – 16 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
2022 წლის მდგრადი ვაჭრობის ინდექსი: ეკონომიკის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება
- ინდოეთი – 83 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
- პაკისტანი – 64 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
- ბანგლადეში – 64 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
- ჩინეთი – 48 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
- პერუ – 31 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
- მიანმარი – 30 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)
- სამხრეთი კორეა – 27 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – მაღალი)
- ტაილანდი – 27 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
- ჩილე – 24 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – საშუალო)
- კამბოჯა – 22 (ეკონომიკის შემოსავლის დონე – დაბალი)