ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს.
ევროპის სულ უფრო მეტი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების საკითხს განიხილავს მას შემდეგ, რაც ავსტრიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მომავალი წლის 1-ლი თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.
„ვაქცინაციის შესახებ მანდატები უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაქცინაციის გაუმჯობესების ყველა სხვა შესაძლო ვარიანტი ამოწურულია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.
ჰანს კლუგეს თქმით, ვაქცინაციის შესახებ მანდატების ეფექტურობა კონტექსტზეა ძალიან დამოკიდებული.
„ის, რაც მისაღებია ერთ საზოგადოებაში, შეიძლება არ იყოს ეფექტური და მისაღები მეორეში“, - განაცხადა მან.
imedinews.ge