Heinz-მა „მარსიანული" კეტჩუპი გამოუშვა. ის უმკაცრეს პირობებში მოყვანილი პომიდვრისგან არის დამზადებული. ექნებათ თუ არა მარსის მომავალ კოლონიალისტებსა და მათ შთამომავლებს Heinz-ის კეტჩუპი?! ბრენდმა ამის შემოწმება გადაწყვიტა და ექსპერიმენტის ჩასატარებლად ფლორიდის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან არსებულ Aldrin Space Institute-ის ასტრობიოლოგთა ჯგუფს დახმარება სთხოვა.
ცხრა თვის განმავლობაში, 14 სპეციალისტს პომიდორი მარსის გარემოსთან მაქსიმალურად დაახლოებულ პირობებში მოჰყავდა. მათ ხელახლა შექმნეს ნიადაგისა და ტემპერატურული პირობები, როგორიც შესაძლოა, მეზობელ პლანეტაზე მიგრირებულ ადამიანებს ჰქონდეთ, ასევე, უზრუნველყვეს ანალოგიური სარწყავი პირობები. თავის მხრივ, კეტჩუპის მწარმოებელმა მკვლევარებს პომიდვრის თესლი მიაწოდა, საიდანაც კომპანიას „ბრენდირებული" პომიდორი მოჰყავს.
შედეგად Heinz Marz Edition მიიღეს, რომელიც კომპანიის სათაო ოფისში გამოსცადეს. „მარსიანული“ კეტჩუპი გაყიდვაში არ გამოვა, თუმცა Heinz-ის ექსპერტებმა ხარისხის ყველა საჭირო ტესტი მაინც ჩაატარეს და პროდუქციის სერტიფიცირება მოახდინეს. „მარსიანული“ კეტჩუპის ელჩად NASA-ს ყოფილი ასტრონავტი, მაიკლ მასიმინო აირჩიეს.
თავად ექსპერიმენტი ორი წლის წინათ დაიწყო, როცა Heinz-ის სპეციალისტებმა ნიადაგი შეისწავლეს, თესლი შეარჩიეს და მკაცრ პირობებში პომიდვრის მოყვანის ტექნიკა შეიმუშავეს. ამ პროექტმა Aldrin Space Institute-ის მეცნიერებს საშუალება მისცა, საკვები მცენარეების მოყვანაზე გრძელვადიანი ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ. მანამდე ისინი მხოლოდ მოკლევადიან კვლევებს ატარებდნენ.
bpn.ge