ჰელსინკის მერია მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, საკვები პროდუქტების ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, საკვების მიწოდების წესებს ცვლის. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ცვლილებების შემდეგ სხვადასხვა შეხვედრებზე, სემინარებზე, ვორქშოფებსა და საჯარო მოსმენებზე მენიუში მხოლოდ სეზონური ბოსტნეული და ეთიკური პრინციპების დაცვით დაჭერილი ადგილობრივი თევზეული შევა. ყავას, ჩაისა და ბანანს მხოლოდ „სამართლიანი ვაჭრობის“ ეტიკეტით შეიძენენ, ხოლო ხორცი და ხორცპროდუქტები მენიუში საერთოდ არ შევა.
გარდა ამისა, ქალაქი უარს ამბობს ერთჯერადი ჭურჭლისა და სუფრის სხვა საშუალებების გამოყენებაზე, ხოლო წყლისა და სხვა სასმელების ბოთლებით მიწოდებას წყვეტს. ამასთან, ღონისძიების სტუმრებმა ჩამოსვლაზე წინასწარ უნდა განაცხადონ.
ჰელსინკის მერია იმედოვნებს, რომ ეს ცვლილებები ნარჩენებს შეამცირებს. აღნიშნული წესებიდან გადახვევა მხოლოდ უმაღლესი დონის შეხვედრებზე და მხოლოდ არსებითი მიზეზის გამო მოხდება.
2019 წლის თებერვალში ჰელსინკის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2025 წელს ქალაქის ღონისძიებების სტუმრებისთვის შეთავაზებულ მენიუში რძისა და ხორცპროდუქტების რაოდენობას გაანახევრებს.
გაეროს ექსპერტები დასავლეთში ხორცისა და რძის პროდუქტების მნიშვნელოვან მოხმარებას გლობალური დათბობის ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევენ და მცენარეულ დიეტაზე გადასვლა შესაძლოა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას დაეხმაროს.
bpn.ge