კოსმეტიკური და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მწარმოებელი გერმანული კომპანია, Henkel რუსეთში საქმიანობას წყვეტს და მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ასახელებს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ვებგვერდზე ვრცელდება.
Henkel-ის პორტფელი მოიცავს შემდეგ ბრენდებს: სარეცხი საშუალებები - Persil, Pril, Bref, Vernel, Pemolux, Pemos, Laska, Denis, Losk, Somat, E, Clin. კოსმეტიკური და პირადი ჰიგიენა - Fa, Taft, got2b, Brillance, IGORA System, Natural Styling, Bonacure, OSiS, Seah, Silhouette, Indola, Shamtu; წებოები და ტექნოლოგიები - „მომენტი,“ Metylan, Pritt, Ceresit, Thomsit, Makroflex, Teroson, Liofol, Dorus, Technomelt, Optal, Loctite და P3.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია ამჟამად მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის გუნდთან, რომ ქვეყნის დატოვების პროცესი გამარტივდეს. ამასთან, Henkel პირობას დებს, რომ 2500 თანამშრომელი რუსეთში დასაქმებული დარჩება და ხელფასსაც მიიღებს. კომპანია რუსეთის დატოვების ფინანსური ეფექტის შეფასებისგან თავს იკავებს.
მანამდე, 4 მარტს, Henkel-მა განაცხადა, რომ რუსეთში ინვესტიციები შეწყვიტა. ამასთან, მწარმოებელმა გადაწყვიტა, სახელმწიფო მედიაში ყველა რეკლამა და ქვეყანაში ყველანაირი სპონსორული საქმიანობა შეაჩეროს. კომპანიაში განმარტავენ, რომ სრულად იცავენ რუსეთისა და მისი მთავრობის, ასევე, ფინასნური სექტორის მიმართ დაწესებული სანქციების პირობებს.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, კომპანია უკრაინელებს ფინანსურად, სურსათითა და მატერიალური შემოწირულობებით ეხმარება. Henkel-ის ბევრი თანამშრომელი მოხალისეა. ისინი უკრაინელებს ღამის გასათევ ადგილებსაც სთავაზობენ.