საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ფონდმა კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.
„პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.5 მილიონი ლარია.
ახალაშენებული სკოლა ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
"სოფელ ჰერეთისკარის სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას“,- აღნიშნავენ უწყებაში.