სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3%-ით არის გაზრდილი.
HICP -ის თანახმად, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები წლიურად 14,4%–ით არის გაზრდილი, ხოლო ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 8,9%-ით.
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ასევე კომუნალური გადასახადების (საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები) ფასები, რომლებმაც შესაბამისად 11,9%-ს შეადგინა. ზრდა არის ასევე ტრანსპორტის (5,2%) და ავეჯი-საოჯახო ნივთების (11,0%) ჯგუფში.
შემცირებულია ჯანდაცვის მომსახურების ინდექსი - კლება წინა წლის ანალოგოიურ პერიოდთან შედარებით 4,2%-ს შეადგენს. კლებაა ასევე კავშირგაბმულობის კუთხით (-0,6%).
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.