„საქსტატმა“ მიმდინარე წლის თებერვლიდან ახალი ინდიკატორის HICP–ის (Harmonized Index Of Consumer Prices) გამოქვეყნება დაიწყო, რომელიც ქვეყანაში ფასების ცვლილებას ასახავს. 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინდექსი 11.9%-ით არის გაზრდილი.
HICP -ის თანახმად, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები წლიურად 17.7%–ით არის გაზრდილი, ხოლო ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 8%-ით.
წლიურად ყველაზე მაღალი ზრდა სურსათის შემდეგ, ტრანსპორტის (14.1%) და ჰორეკა (15.7) სექტორის ჯგუფშია. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ასევე კომუნალური გადასახადების (საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები) ფასები, რომლებმაც შესაბამისად 11.2%-ს შეადგინა.
HICP -ის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორს კლება აქვს -1.7%-შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი ზრდა, 0.5% კავშირგაბმულობის ჯგუფშია.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.