ჰოლანდიურმა სტარტაპმა Lightyear-მა დეკემბრის დასაწყისში მსოფლიოში პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილის სერიული წარმოება დაიწყო. პირველი მოდელი, Lightyear 0 - 250 000 ევრო ეღირება და 150 წინასწარი შეკვეთა უკვე არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„Lightyear-ი ასეთი მოდელის ათასი ნიმუშის დამზადებას Valmet Automotive Oyj-ის ქარხანაში, ფინეთში, გეგმავს. 2023 წლის განმავლობაში კვირაში ერთ მანქანას ააწყობენ. მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის წარმოება კვირაში ხუთამდე გაიზრდება“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ლექს ჰოეფსლოტმა.
ჰოეფსლოტის თქმით, მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანა ამსტერდამში ზაფხულის განმავლობაში, დამატებით დატენის გარეშე, ორი თვე იმუშავებს, პორტუგალიაში - შვიდი თვე. მზისგან მიღებული ენერგია კი ყოველდღიურად დამატებით 70 კმ-ის გავლის საშუალებას მისცემს.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა