ოსკარის დაჯილდოების ნომინანტები რამდენიმე საათში ოფიციალურად დასახელდებიან. როგორც BBC წერს, ვარაუდობენ, რომ ფილმები - „ძაღლის ძალა“ (THE POWER OF THE DOG), „ბელფასტი“ (BELFAST) და „უესთსაიდური ამბავი“ (WEST SIDE STORY) რამდენიმე ნომინაციას მიიღებენ.
აკადემიამ დაადასტურა, რომ ცერემონიას წელს წამყვანი ეყოლება, მაგრამ ჯერჯერობით არ ასახელებს, ვინ იქნება ის.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საუკეთესო სურათის კატეგორიაში, საშუალოდ, 5-დან 10-მდე ნომინანტს წარადგენდნენ (გასულ წელს რვა იყო). აკადემიამ გადაწყვიტა, რომ წელს 10 ნომინანტი იქნება, რაც სიას უფრო მრავალფეროვანს გახდის.
ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ნომინაციაში ვიყილავთ სტივენ სპილბერგის „უესტსაიდურ ამბავს“, კენეთ ბრანას „ბელფასტსა“ და პოლ თომას ანდერსონის „ძირტკბილას პიცას“ (LICORICE PIZZA). მათთან ერთად, შესაძლოა, ამ ნომინაციაში ვიხილოთ დენი ვილნიოვის „დიუნი“ (DUNE) და ადამ მაკეის „არ აიხედო“ (DON'T LOOK UP).
საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში წარდგენას კრისტენ სტიუარტს უწინასწარმეტყველებენ, რომელმაც პრინცესა დაიანას როლი ითამაშა. მასთან ერთად, განიხილება ნიკოლ კიდმანის კანდიდატურა ფილმისთვის „იყო რიკარდო“ (BEING THE RICARDOS), ოლივია კოლმანი ფილმისთვის „დაკარგული ქალიშვილი“ (THE LOST DAUGHTER) და პენელობა კრუზი ფილმისთვის „პარალელური დედები“ (PARALLEL MOTHERS).
რაც შეეხება საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციას - უილ სმიტს („მეფე რიჩარდი“), ენდრიუ გარფილდს („ტიკ, ტიკ... ბუმ!“) და ბენედიკტ კამბერბეტჩს („ძაღლის ძალა“) ნომინაციის „გარანტირებულ ტრიოდ“ მოიხსენიებენ.
imedinews.ge