ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 4 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 4,675 მლრდ ლარი შევიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.9%-ით, ანუ დაახლოებით 1,235 მლრდ ლარით მეტია.
რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლებს კონკრეტული გადასახადების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტმა დაახლოებით 1,5 მლრდ ლარი მიიღო, მოგების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 774 მლნ ლარი შეადგინა.
იანვარ-აპრილში ბიუჯეტმა დამატებითი ღირებულების გადასახადიდან (დღგ) ყველაზე მეტი 1,757 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დაახლოებით 380,6 მლნ ლარით აღემატება. მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლების მატების მთავარი მიზეზი საშემოსავლოს, მოგებისა და დღგ-ს გადასახადებიდან გაზრდილი შემოსავლებია.
ამასთან, აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში დაახლოებით 433 მლნ ლარი შევიდა, იმპორტის გადასახადიდან 30 მლნ ლარი, ხოლო სხვა გადასახადებიდან 2022 წლის 4 თვეში ბიუჯეტში დაახლოებით 180 მლნ ლარი შევიდა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მოცემული 4 თვის მაჩვენებლები ბიუჯეტის 6 თვის გეგმის 68.4%-ს შეადგენს, ხოლო მთლიან წელთან მიმართებით იანვარ-აპრილის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი გეგმის 34.6%-ია.