„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით შემოსულობების წლიური გეგმა განსაზღვრულია 18,420.3 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო გადასახდელების გეგმა - 15,923.8 მლნ ლარის ოდენობით. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში
შემოსულობების შესრულება შეადგენს 10,019.3 მლნ ლარს (წლიური გეგმის 54.4%) და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3,229.5 მლნ ლარით (47.6%-ით) აღემატება, ხოლო გადასახდელების შესრულება - 8,428.6 მლნ ლარს (წლიური გეგმის 52.9%) და 1,325.4 მლნ ლარით (18.7%-ით) აჭარბებს წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელს. ინფორმაცია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია მოცემული.
დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 9 თვის გეგმა განსაზღვრულია 12,503.9 მლნ ლარით, ხოლო 7 თვის შესრულება 80.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება შემოსულობების შესრულებას კომპონენტების მიხედვით, 9 თვის გეგმის მიმართ შესრულების კარგი დონით გამოირჩევა შემოსავლებისა და არაფინანსური აქტივების კლების კომპონენტების მაჩვენებლები და შესაბამისად შეადგენს 9 თვის გეგმის 83.2%-ს და 79.5%-ს. შესრულების შედარებით დაბალი დონით გამოირჩევა ვალდებულებების ზრდის კომპონენტი - 9 თვის გეგმის 74.8%. რაც შეეხება შემოსულობების მეოთხე კომპონენტს, ფინანსური აქტივების კლებას, აღნიშნული კომპონენტის შემთხვევაში ფიქსირდება მნიშვნელოვანი დადებითი გადახრა - 9 თვის გეგმის 175.0%.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 9 თვის გეგმა შეადგენს 11,867.4 მლნ ლარს, ხოლო 7 თვის შესრულება - 9 თვის გეგმის 71.0%-ს. რაც შეეხება გადასახდელების შესრულებას კომპონენტების მიხედვით, ყველაზე დიდი წილის მქონე კომპონენტის, ხარჯების, შესრულების მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 71.9%-ს უტოლდება. მსგავსად ხარჯებისა, შესრულების დაბალი დონით გამოირჩევა ვალდებულებების კლებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტების მაჩვენებლები და შესაბამისად შეადგენს 9 თვის გეგმის 71.8%-ს და 68.3%-ს. რაც შეეხება გადასახდელების მეოთხე კომპონენტს, ფინანსური აქტივების ზრდას, აღნიშნული კომპონენტის შემთხვევაში ფიქსირდება მნიშვნელოვანი უარყოფითი გადახრა - 9 თვის გეგმის 54.5%.