იანვარში ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა. ორნიშნა ზრდის ძირითადი მიზეზი ამჯერადაც საბაზისო პერიოდი გახდა. 2021 წლის იანვარში, ლოქდაუნის პირობებში 2020 წლის იანვართან შედარებით 10.6%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.
იანვარში სამომხმარებლო ფასები 13.9%-ით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი კი 16.2%-ით გაიზარდა.
საგარეო ვაჭრობა 41.2%-ით $1.110 მლრდ-მდე, მათ შორის ექსპორტი 47.6%-ით $331 მლნ-მდე და იმპორტი 38.7%-ით $779 მლნ-მდე გაიზარდა.
ახლადდარეგისტრირებულ საწარმოთა რიცხვი იანვარში 14.1%-ით 3235-მდე, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 39.8%-ით 8.395 მლრდ ლარამდე გაიზარდა.