პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ბიუჯეტის შესრულების განახლებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტში იყო. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ 1 თვეში შეადგინა 234 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - 56.3 მლნ ლარი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტში იყო, კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტმა მაშინ 87 მლნ ლარი შეადგინა. ცხადია, გასულ წელს დეფიციტის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ რეგულაციების გარკვეული ნაწილი მაინც არსებობდა, რის გამოც იანვარი ჩვენი ეკონომიკისთვის რთული იყო.
რაც შეეხება ნაშთის ცვლილებას, წლის დასაწყისისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაზუსტებული ნაშთის მოცულობამ შეადგინა 881.4 მლნ ლარი. იანვარში მიღებული შემოსულობების და გადასახდელების შესრულების გათვალისწინებით ნაშთის დაგროვებამ 356.7 მლნ ლარი შეადგინა და 2022 წლის 1 თებერვლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი განისაზღვრა 1,238 მლრდ ლარის ოდენობით.
bpn.ge