იაპონიამ რუსეთის და ბელარუსის კიდევ 90 მოქალაქეს და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.
კერძოდ, ახალ სასანქციო ჩამონათვალში მოხვდნენ ვიცე-პრემიერი დიმიტრი გრიგორენკო, რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი როლდუგინი, ასევე ალექსეი მორდაშოვის ნათესავები.
ამასთანავე, იაპონიის ხელისუფლებამ აკრძალა რუსეთიდან ოქროს იმპორტი და ასევე არ გაუწევს რუსულ კომპანიებს ბუღალტრულ, აუდიტორულ, კონსალტინგურ და ტრასტ მომსახურებებს 5 სექტემბრიდან.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ იაპონიის პრემიერმა ფუმიო კისიდამ დიდი შვიდეულის სამიტზე დააანონსა.
ამ დროისთვის იაპონიის მიერ სანქცირებულია 700-ზე მეტი ფიზიკური პირი, ასევე 200 კომპანია და ორგანიზაცია. ამავდროულად, იაპონიამ გაყინა რუსული ბანკებისა და ორგანიზაციების იაპონური აქტივები.
რაც შეეხება რუსეთში საექსპორტოდ აკრძალულ პროდუქციას, მათი ჩამონათვალი 400-ზე მეტია, რომელთა შორის არის ნახევარგამტარები, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები, კავშირგაბმულობის და სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, ნავთობგადამამუშავებელი მოწყობილობები, სატვირთო ტექნიკა, ბულდოზერები, სარკინიგზო ლოკომოტივები, გადამამუშავებელი დაზგები და სხვა ელექტრონული საქონელი, რომელიც გამოიყენება მრეწველობაში.
გარდა ამისა, აკრძალულია რუსეთში ფუფუნების საგნების შეტანა, მათ შორის ავტომობილების, რომელთა ღირებულება 49 ათას დოლარს აღემატება.